დეკანოზი მამალაძის საქმე

არასამთავრობოები პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

რადიო ფორტუნა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

NGO-ების თქმით, საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები.

"საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა, რამაც საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების (დანაშაულის საგნის) ვალიდურობა და სანდოობა ეჭვსქვეშ დააყენა",- ამბობენ არასამთავრობოები. 

ასევე, მათი თქმით, საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. 

"სასამართლო მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები",-აცხადებენ ისინი. 

მათივე თქმით, საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და კანონით გაუთვალისწინებელი გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, გიორგი მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით.

ასევე, NGO-ები თვლიან, რომ პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. 

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება მათ შორის ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა  მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის - განზრახვის არსებობას",- ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

მათივე თქმით, პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გიორგი მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.

"სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს",- წერია NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველო (TI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

კომენტარები