ქართული ოცნების უკვე ყოფილი წევრის ეკა ბესელიას თქმით, დაელოდება იმ დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომელთაც აქვთ პროტესტი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების მიმართ.
"ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. დაველოდები, როგორი იქნება ჩემი კოლეგების შემდეგი გადაწყვეტილება, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფერის მიმართ, რაც ხდება საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით. დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ უახლოეს დღეებში, ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისა და იდეალებისთვის, რომლისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ უახლოეს მომავალში.
ამის შემდეგ, ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ხალხთან დათათბირებით, ჩვენს მხარდამჭერებთან დათათბირებით გეტყვით, როგორი იქნება ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები" - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ამაზე დეტალურად ახლა არ ისაუბრებს. მისივე თქმით, გამოიყენებს ყველა საჭირო პოლიტიკურ ინსტრუმენტს.
"არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც არის კონსტიტუციური და სამართლებრივად გამართული იმისთვის, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს ორგანიზებული, ერთიანი, ერთობის მატრებელი, სამართლიანობის მიზნისკენ მიმავალი ფორმები.
ჩვენი უახლოესი გეგმები სამართლებრივი ბრძოლის გზებია, მზად მაქვს რამდენიმე ინიციატივა, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად, უახლოეს დღეებში დავარეგისტრირებ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს ეხება, რამდენიმე კანონპროექტს ვამზადებთ, რომელიც ეხება მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. დავიწყებთ მზადებას კონსტიტუციის ცვლილებებისთვის" - თქვა დეპუტატმა.
ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ მოსამართლეების შესახებ მისი კანონპროექტის კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყვეტდა, დარჩებოდა თუ არა მმართველ გუნდში.
ეკა ბესელიასა და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა.
ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.
12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.
21 იანვარს კი, წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".





