"ყველა თვითონ აკეთებს თავის არჩევანს, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი" - ასე უპასუხა ქართული ოცნების უკვე ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ TV პირველის კითხვას, ხედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას იმაში, რომ პარტიას ტოვებს და მმართველ გუნდს უმწვავესად აკრიტიკებს.
"ყველამ გააკეთოს თავის წილი არჩევანი, ამ არჩევანის მიხედვით ფასდება ადამიანის ნაბიჯები, ვინც არ უნდა იყოს ეს - პარტიის თავმჯდომარე თუ პარტიის ნებისმიერი წევრი" - თქვა დეპუტატმა.
ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ მოსამართლეების შესახებ მისი კანონპროექტის კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყვეტდა, დარჩებოდა თუ არა მმართველ გუნდში.
ეკა ბესელიასა და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა.
ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.
12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.
21 იანვარს კი, წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".





