ნიკარაგუა

ბოლტონი: ორტეგას დღეები დათვლილია და ნიკარაგუას ხალხი მალე თავისუფალი იქნება

upi.com

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი ნიკარაგუაში დანიელ ორტეგას რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების ლიდერების დაკავებას გამოეხმაურა:

"ორტეგას რეჟიმმა ფერმის სამ ლიდერს 550 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2018 წლის საპროტესტო აქციებში მათი როლისათვის, რომლის დროსაც პოლიციამ 300-მდე აქტივისტი მოკლა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს თქვა, ორტეგას დღეები დათვლილია და ნიკარაგუას ხალხი მალე თავისუფალი იქნება." დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

მედარდო მაირენას, ფერმის ლიდერს რომელიც გასულ წელს გამართულ საპროტესტო აქციებს უძღვებოდა, ორშაბათს 216 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ტერორიზმი, 5 პოლიციელის მკვლელობა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედება, რასაც თავად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედით სასჯელის მაქსიმალური ზომა 30-წლიანი პატიმრობაა.

ის აქციებს მეთაურობდა, რომელიც ჩინეთის მონაწილეობით ნიკარაგუაში პანამას არხის მსგავსი წყნარი და ატლანტის ოკეანეების შემაერთებელი არხის მშენებლობის პროექტს აპროტესტებდა.

გასულ წელს ორტეგას რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს პოლიციამ და მთავრობის მომხრეებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპ 320 ადამიანი. მას შემდეგ ორტეგას მთავრობა ოპოზიციაზე და მედიაზე ზეწოლას განაგრძობს. მაირენას გარდა მსგავსი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ 600 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს დონალდ ტრამპმა მაიამიში ვენესუელელ და კუბელ მიგრანტებთან შეხვედრისას ვენესუელაში არსებულ კრიზისზე ისაუბრა.

"სოციალიზმის და კომუნიზმის დღეები დათვლილია არა მხოლოდ ვენესუელაში, არამედ ნიკარაგუასა და კუბაში. და მათ, ვისაც აშშ-ში სოციალიზმის შემოტანა სურთ კიდევ ერთხელ ვუგზავნით ნათელ მესიჯს: ამერიკა არასოდეს იქნება სოციალისტური ქვეყანა." თქვა მან.

კომენტარები