ისრაელი

განცის და ლაპიდის პარტიები ისრაელის ვადამდელ არჩევნებში ერთიანი სიით იყრიან კენჭს

TimesofIsrael

ისრაელის ცენტრისტული პარტიების "იეშ ატიდის" და "მედეგობის პარტიის" ლიდერებმა იაირ ლაპიდმა და ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენი განცმა შეთანხმებას მიაღწიეს. ისინი საკუთარ პარტიებს გააერთიანებენ და არჩევნებში მოქმედი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ერთობლივი სიით იბრძოლებენ.

შეთანხმების მიხედვით მათი გამარჯვების შემთხვევაში პრემიერმინისტრის პოსტს 2 წლით განცი დაიკავებს, შემდეგ კი მას ლაპიდი შეცვლის.

მათ სიაში იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების კიდევ ერთი ყოფილი მეთაური გაბი აშკენაზიც.

განცის პარტიასთან უკვე გაერთიანდა თავდაცვის ძალების კიდევ ერთი ყოფილი მეთაურის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მოშე იაალონის პარტია "ტელემი".

იაირ ლაპიდის პარტიასთან მოლაპარაკებების გამო განცის "მედეგობის პარტიის" მოლაპარაკებები ორლი ლევის "გეშერის პარტიასთან" ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. არჩევნები აპრილში ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზად სამთავრობო კოალიციაში არსებული კრიზისი იქცა.

კომენტარები