თიბისი ბანკის საქმე

დავით ბაქრაძე მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში მისვლას და ღიად საუბარს სთავაზობს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე თიბისი ბანკის დამფუძნებელს სთავაზობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის დროს მივიდეს პარლამენტში და ყველაფერზე ღიად ისაუბროს

"მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ - მოვიდეს პარლამენტში, დაესწროს  საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზოგადოებას მიაწოდებს დოკუმენტებს და ინფორმაციას. ამიტომ მე მაქვს შეთავაზება, მობრძანდეს ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე - რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ეს იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები ფორმა, როცა საპარლამენტო ფორმატში თიბისი ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ღიად, არგუმენტებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რათა "გაირკვეს, რომელი მხარე არის მართალი და რომელ მხარეს რა პრეტენზია აქვს.

ცნობისთვის, რუსთავი 2-მა დღეს გაავრცელა მამუკა ხაზარაძის წერილი, რომელიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა თანამშრომლებს გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძე თანამშრომლებს წერს, რომ უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ამის მიზანია ჩამოაშორონ საკუთარ საქმეს. თიბისი ბანკში შიდა ქსელით წერილის გავრცელება ტაბულას დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მამუკა ხაზარაძეს თიბისი ბანკის საქმეზე საუბრისას ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა ღიად არ უხსენებია. გუშინ, 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ელოდება მართლმსაჯულებას და ბანკი მზადაა დიალოგისთვის. ანაკლიის პორტზე საუბრისას კი ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მათ გვერდში უდგას, ერთ-ერთი სტრუქტურა კი გამოძიებას იწყებს, რაც შემაშფოთებელია.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის 13 თებერვლის სხდომაზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი ასევე ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის აუქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მიეცა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. 

"ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე" - აცხადებს სებ-ი.

პროკურატურა თიბისი ბანკში მიმდინარე წლის 9 იანვარს შევიდა. გამოძიება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს ფულის გათეთრებას ედავება.

კომენტარები