ირანი

ქალი მსაჯის გამო ირანში ბუნდესლიგის თამაში არ აჩვენეს

DW

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ბუნდესლიგის მატჩი მიუნხენის ბაიერნსა და აუგსბურგს შორის არ აჩვენა. მიზეზი ისაა, რომ თამაშის მთავარი მსაჯი გერმანელი ბიბიანა შტაინჰაუსი იყო.

თამაშის ტრანსლაცია მკაცრი რეგულაციების გამო შეწყვიტეს, რომელიც კრძალავს ეკრანზე ქალების გამოჩენას, რომელთაც ღია ტანისამოსი აცვიათ და კანი უჩანთ.

ირანის ტელევიზია მსგავს სცენებს ჭრის ან ცენზურას ადებს, თუმცა ვინაიდან შტაინჰაუსი მთავარი მსაჯი იყო და ეკრანზე მუდმივად ჩანდა ირანელ მაყურებელს თამაში აღარ აჩვენეს.

გასულ წელს მატჩი, რომელსაც შტაინჰაუსი მსაჯობდა გადაიცა, თუმცა როდესაც კამერა მასზე გადადიოდა ირანული მედია მაყურებლების კადრებს აჩვენებდა.

39 წლის ბიბიანა შტაინჰაუსი პირველი ქალია, რომელმაც გერმანიაში პროფესიულ დონეზე კაცების საფეხბურთო მატჩების მსაჯობის უფლება მოიპოვა. ბუნდესლიგის პირველ მატჩში მან პირველად 2017 წელს იმსაჯა, ხოლო 2018 წელს უკვე გერმანიის წამყვან მსაჯებს შორის დასახელდა.

კომენტარები