ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის 200-მდე პროფესორი სტუდენტების ერთი ჯგუფის დაანონსებულ შიმშილობას ეხმაურება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე პროფესორი სტუდენტების იმ ნაწილს ეხმაურება, რომლებმაც გუშინ განაცხადეს, რომ გიგა ზედანიას უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.

გავრცელებულ განცხადებაში პროფესორები წუხილს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნიკაციის პროცესმა რადიკალური სახე მიიღო და სტუდენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას სათავე დაუდო ბატონი გიორგი ქადაგიძის მიერ ულტიმატუმების ენით საუბარმა. ჩვენთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია ნებისმიერი მიზნით ახალგაზრდების ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება.

მივიჩნევთ, რომ პროცესების ასეთი რადიკალიზაცია პირდაპირ არის მიმართული უნივერსიტეტის თავისუფალი და პლურალური სივრცის, მისი ავტონომიის ხელყოფისკენ და აფერხებს ინსტიტუციური განვითარების პროცესებს.

ვთავაზობთ სტუდენტებს, შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებთან, აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან, რათა გამოვიყენოთ ყველა რესურსი ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსასვლელად,"- წერია განცხადებაში. 

გუშინ, 14 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა გიგა ზედანიას გადადგომა მოითხოვეს და რექტორს ულტიმატუმი წაუყენეს - იმ შემთხვევაში, თუ ზედანია დღეს 22:00 საათამდე პოსტს არ დატოვებს, სტუდენტები შიმშილის დაწყებას გეგმავენ. 

გათავისუფლებაზე, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება "ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას" დაუკავშირა. 

4 თებერვალს, გიორგი პაპავამ​ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერისთვის ის ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს მას ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. 

ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან - რეორგანიზაციასთან და გიორგი ქადაგიძისა და გიორგი პაპავას განცხადებებთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სხდომაზე, როდესაც საბჭოს წევრებსა და გიორგი ქადაგიძეს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

კომენტარები