გოჭი პეპა

მშობლები: Peppa Pig-ის ხშირად ყურების შემდეგ ბავშვები ბრიტანული აქცენტით იწყებენ საუბარს

ამერიკელი მშობლები Twitter-ზე აქტიურად წერენ, რომ მათმა შვილებმა ბრიტანული აქცენტით დაიწყეს ლაპარაკი მას შემდეგ, რაც ბრიტანული ანიმაციური შოუს "გოჭი პეპას" ყურება დაიწყეს. 

"გოჭი პეპა" საბავშვო ანიმაციური სატელევიზიო შოუა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორც ცხოვრობს მთავარი პერსონაჟი, დედალი გოჭი, სახელად პეპა, თავის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. 

როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვები აქტიურად უყურებენ ამ სერიალს და ნელნელა ბრიტანული აქცენტით იწყებენ საუბარს. ბრიტანული აქცენტის ფენომენის შესახებ მშობლები Twitter-ზე შემდეგი ჰეშთეგით #PeppaEffect-ით პოსტავენ. 

გამოცემა Romper-ის ჟურნალისტი ჯანეთ მანლი დარმუზის კოლეჯის ენების პროგრამის ხელმძღვანელს, რობერტო რეი აგუდოს ესაუბრა და ამ ფენომენის შესახებ ჰკითხა. აგუდო ამბობს, რომ ბავშვები, უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რომ ამერიკული და ბრიტანული აქცენტები ერთმანეთისგან განსხვავდება. 

"მაგალითისთვის, თავად აგუდოს ქალიშვილი, რომელიც ორენოვანია, საკუთარ ბებიას ერთდროულად ესპანურადაც სთხოვს წიგნების წაკითხვას და ინგლისურადაც, იმის მიუხედავად, რომ საერთოდ ვერ ხვდება, რომ ეს სხვადასხვა ენაა,"- წერს მანლი აგუდოზე დაყრდნობით. 

აგუდო ხსნის, რომ ბავშვები ხვდებიან, რომ სხვადასხვა სიტყვებს იყენებ ერთი და იმავე საგნის აღსაწერად, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა ენაა. 

კითხვაზე, უფროსებს რატომ არ ემართებათ იგივე, აგუდო პასუხობს, რომ უფროსებს უფრო ნაკლებად შეუძლიათ ახალი აქცენტის ათვისება. 

კომენტარები