სირია

სოჭში რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტებმა სირიაში სამოქმედო გეგმა განიხილეს

ალექსანდრე ლუკაშენკო, ჰასან როუჰანი, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში, 2019 წლის 14 თებერვალი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ სოჭში ბელარუსის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები მიიღო. პუტინის თქმით ჰასან როუჰანისთან და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად სირიაში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმაც განიხილეს.

"ჩვენ არ უნდა შევეგუოთ იდლიბში არსებულ ტერორისტულ საფრთხეს. ამიტომ გთავაზობთ განვიხილოთ კონკრეტული ნაბიჯები, რაც რუსეთს, თურქეთს და ირანს შეუძლიათ გადადგან რეგიონში ტერორიზმის ამოსაძირკვად." თქვა მან სამიტზე.

სამიტის ბოლოს პუტინმა თქვა, რომ ისინი გარკვეულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას მოიცავს ეს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით იდლიბში ახალი სამხედრო ოპერაცია ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამიტის შემდეგ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იდლიბში სიტუაციის დასტაბილურებისათვის და კიდევ ერთხელ გააჟღერა გაფრთხილება ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის შესახებ.

თურქეთს საკუთარ საზღვართან არსებულ ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნა სურს, რათა ის აშშ-ის მოკავშირე სირიის დემოკრატიული ძალების და მასში შემავალი ქურთი მებრძოლებისაგან გაათავისუფლოს. ამას უკმაყოფილება მოჰყვა მოსკოვშიც, სადაც განაცხადეს, რომ თურქეთს ასადის თანხმობის გარეშე მსგავსი ზონის შექმნის უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ იდლიბის საკითხი პუტინმა და ერდოღანმა გასულ თვეს გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს. ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა" თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს პოზიციები დააკარგვინა. ამით საფრთხე ექმნება სექტემბერში რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს რეგიონი ტერორისტებისაგან უნდა გაეწმინდა, ხოლო სანაცვლოდ ამ ტერიტორიაზე ასადის რეჟიმის ძალების სამხედრო ინტერვენცია არ განხორციელდებოდა.

კომენტარები