ქუთაისის აეროპორტი

მინისტრის მოადგილე: 2013 წელს Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება არახელსაყრელი იყო

Ryanair

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ, დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო. მან უმცირესობის დეპუტატის გიორგი კანდელაკის კითხვას უპასუხა, რომელიც 2013 წელს Ryanair-თან მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხებოდა.

"თქვენთვის, ალბათ ცნობილია, რომ პრაქტიკულად ბოლომდე იყო მიყვანილი შეთანხმება და და Ryanair-ს 2013 წელს უნდა დაეწყო ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს მგზავრთა ნაკადი ორ მილიონე მეტი უნდა იყოს" - მიმართა კანდელაკმა ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას კომიტეტის სხდომაზე. მინისტრმა პასუხის გაცემა თავის მოადგილეს სთხოვა.

"ამ მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც ადრე იყო, ჩვენც გვსმენია, ვიცით შედეგი, არ იყო ხელსაყრელი იმ კონტრაქტის გაფორმება, ვინაიდან 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდნენ, რაც არ იყო სწორი გადაწყვეტილება და შესაბამისად ჩვენ ახლა ვაახლებთ მოლაპარაკებებს" - განაცხადა საღირაშვილმა და აღნიშნა, რომ "იმ მონეტში იყო არამიზნობრივი Ryanair-თან იმ პირობებით კოტრაქტში შესვლა". მისივე თქმით, "იმ მომენტში ჩვენ ძლიერის პოზიციიდან ვერ ველაპარაკებოდით Ryanair-ს, დღეს უკვე გვაძლევს...". 

გიორგი კანდელაკმა მას ჰკითხა, არ ღირდა ეს ხარჯი იმათ, რომ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადი 400 000 მგზავრის ნაცვლად 2 მლნ-მდე ასულიყო, რაზეც მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ "ერთი ბაზა ორ მილიონამდე ვერ აიყვანს ვერანაირად აეროპორტს, ერთი ბაზირებული თვითმფრინავი 90 000 მგზავრზე მეტს ვერ გადაიყვანს წელიწადში ორივე მიმართულებით".

ევროპული საქართველოს დეპუტატის მტკიცებით, გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა. აკაკი საღირაშვილის თქმით კი, "მერწმუნეთ, ქუთაისის აეროპორტს რეკორდული, 43%-იანი ზრდა ჰქონდა 2018 წელს, ამაზე მეტი შედეგი რა შეიძლება იყოს".

გიორგი კანდელაკის კითხვაზე, იცის თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ 2013 წელს არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა ქუთაისის აეროპორტი, მინისტრის მოადგილემ უპასუხა - "ეგ ნამდვილად არ ვიცი, რეკონსტრუქციის ხარჯზე რა გამოცხადდა, არ ვიცი".

აქვე შეგახსენებთ, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა დააანონსა.

"დამატებით პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ რამდენიმე უკვე გავუშვით, ვიზიარზე დავამატეთ 6 მიმართულება, ახლა გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, მათ რიცხვში Ryaniar-თან, რომელიც აგრეთვე დაამატებს პირდაპირ მიმართულებებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის და ზოგადად, ჩვენი ავიამიმოსვლისთვის" - თქვა ქობულიამ. 

კომენტარები