ავსტრალია

ავსტრალია აღდგომის კუნძულზე მიგრანტების დაკავების ცენტრს ხელახლა გახსნის

Getty Images

ავსტრალია აღდგომის კუნძულზე მიგრანტების დაკავების ცენტრს ხელახლა გახსნის. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა მას შემდეგ თქვა, რაც პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივამ საკმარისი ხმები მოაგროვა.

კანონი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მიგრანტებს, რომლებიც ავსტრალიას კუნძულებზე ჰყავს დაკავებული კონტინენტზე მკურნალობის საშუალებას მისცემს.

მორისონის თქმით ეს კანონი ქვეყნის მკაცრ სასაზღვო პოლიტიკას შეასუსტებს და ტრეფიკინგს შეუწყობს ხელს. ოპოზიცია მას არჩევნების წინ შიშის გაღვივებაში ადანაშაულებს.

2013 წლის შემდეგ ავსტრალია ქვეყანაში ნავით ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებს პაპუა ახალი გვინეის და ნაურუს კუნძულებზე არსებულ სპეციალურ ცენტრებში ათავსებს. აღდგომის კუნძულზე, ავსტრალიიდან 2,600 კილომეტრში მსგავსი ცენტრი 2003 წელს გაიხსნა და გასული წლის ოქტომბრამდე ფუნქციონირებდა. 2010 წელს კუნძულთან ქვებზე შეჯახების გამო მიგრანტების ნავი ჩაიძირა და ერაყიდან და ირანიდან 50 თავშესაფრის მაძიებელი დაიღუპა. ცენტრში არსებული პირობების გამო ხშირი იყო პროტესტი და დაპირისპირებაც.

გაერო ამ ცენტრებს "არაჰუმანურს" უწოდებს. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია ნაურუში არასრულწლოვან მიგრანტებს შორის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების და სუიციდის მცდელობების შემთხვევების გახშირების შესახებ.

სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციური პარტიების კანონპროექტი, რომელიც ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე მიგრანტებს შესაფერისი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს, რაც კუნძულებზე არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, კანონი მხოლოდ კუნძულებზე უკვე მყოფ მიგრანტებს შეეხება და მისი მიღების შემდეგ ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებზე არ გავრცელდება. გარდა ამისა იმიგრაციის სამსახურს ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაშიც კი გადაყვანის დაბლოკვის საშუალებაც ექნება.

 

კომენტარები