ელ ჩაპო

ელ ჩაპო აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება

ხუაკინ გუზმანი
AP

მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, ცნობილი როგორც ელ ჩაპო ნიუ იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 61 წლის გუზმანი  ნაფიცმა მსაჯულებმა წაყენებულ ათივე მუხლში, მათ შორის კოკაინის და ჰეროინის დისტრიბუციაში, იარაღის უკანონო ფლობაში და ფულის გათეთრებაში ცნეს დამნაშავედ.

საბოლოო ვერდიქტი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ამ მუხლების გათვალისწინებით მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საბოლოო ვერდიქტი 25 ივნისს გამოცხადდება.

გუზმანი 2016 წელს დააკავეს და აშშ-ში 2017 წელს გადაიყვანეს. მანამდე ის მექსიკის ციხიდან ორჯერ გაიქცა. ელ ჩაპო სინალოას კარტელს მეთაურობდა, რომელსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ნარკოტიკის შეჰქონდა მექსიკიდან.

გუზმანის სასამართლო პროცესი 11 კვირა გრძელდებოდა. მის წინააღმდეგ ჩვენებები ყოფილმა მოკავშირეებმა მისცეს. მისმა ყოფილმა მცველმა თქვა, რომ გუზმანი ხალხს აწამებდა და ცოცხლად მარხავდა, ხოლო კოლუმბიის კარტელის წევრმა თქვა, რომ გუზმანი 13 წლის გოგონებს ნარკოტიკებით აბრუებდა, მათზე სექსუალურად ძალადობდა და ამას მის "ვიტამინებს" უწოდებდა.

კიდევ ერთი მოწმის ალექს სიფუენტესის თქმით, მექსიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ გუზმანისაგან ქრთამის სახით 100 მილიონი აშშ დოლარი აიღო.

კომენტარები