დავით კირკიტაძის საქმე

კირკიტაძე: არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ

ტაბულა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას და ბრალდებულების დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე "უმნიშვნელოვანეს ახალ ფაქტობრივ გარემოებებს" წარადგენს.

"ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გირაოზეც იყოს საუბარი, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება" - ამბობს ადვოკატი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკავებული წევრი დავით კირკიტაძე ბრალდებას უარყოფს.

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო" - განაცხადა კირკიტაძემ სასამართლო პროცესზე.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მეორე დღეს დააკავეს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე, ხოლო 18 დეკემბერს 1986 წელს დაბადებული ვალერი მუსაევი. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს ავტომანქანაში მყოფ პოლიციელს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. აღსანიშნავია, რომ კირკიტაძეს თავდებში პარლამენტის 27 დეპუტატი დაუდგა, თუმცა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა, რომელიც დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები