მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

გვრიტიშვილი: თუ უვადოდ დანიშვნა შეჩერდა, არ გამოვრიცხავთ საკონსტიტუციოს მივმართოთ

დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შემთხვევაში საბჭოს წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში საბჭოს გასვლითი სხდომის დაწყებამდე თქვა. 

გვრიტიშვილი ამბობს, რომ დაგეგმილია, საკითხის ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად განხილვა. ასევე, მისივე თქმით, ისინი იმედოვნებენ რომ პარლამენტის უმრავლესობა ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

"ჩვენ ვაპირებთ რომ კონსტრუქციულ გარემოში, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით განვიხილოთ ეს ინიციატივა. ჩვენი პოზიცია საბჭოს წევრებმა, არაერთგზის დავაფიქსირეთ კომენტარებში, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს რომ დღევანდელი შეხვედრა ჩაივლის აბსოლუტურ კონსტრუქციულ მშვიდ გარემოში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს საღ მიდგომას ამ საკითხისადმი. თუ მაინც ეს ინიციატივა იქცევა კანონად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მივმართოთ. იმისათვის, რათა ოფიციალურადაც, კანონით დადგენილი წესით დადასტურდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციასთან შესაბამისობა",- ამბობს მოსამართლე გვრიტიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რომლის მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები