მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

"ცვლილება გუნდთან შეუთანხმებლად მომზადდა" - "ოცნება" ბესელიას კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიასა და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ დეპუტატების ნაწილის ინიციატივა არაკონსტიტუციურია. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ის გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა.

პოლიტსაბჭო ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის უსმენს "საკუთარ საზოგადოებას" და სასამართლოსთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიის ფონზე იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადავადების შესახებ.

განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ "დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით" დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება და დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად დაიკავებენ თანამდებობას, "დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს".

"პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ასევე ამბობს, რომ ეკა ბესელიას და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობა განახევრდება და სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით პრობლემა გაღრმავდება.

"იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი - გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადოს იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით". მმართველი გუნდი აღნიშნავს, რომ ამ მიზნით ვენეციის კომისიას მიმართავს, პროცესში ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველი გუნდი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მუშაობას აგრძელებს და სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები.

"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს.

მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს. უმრავლესობის და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების ნაწილი ინიციატივას არ ეთანხმება.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რომლის მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები