კერზაიას საქმე

თალაკვაძე: კერზაიას საქმეზე საუბრის მორალური უფლება ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანს აქვს

ipn

„ხალხი, რომელიც კანონის შექმნაზე და მის დაცვაზე ვართ პასუხისმგებლები, თავს არ უნდა ვაძლევდეთ უფლებას, რომ ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდით,“ - განათლების კომიტეტის სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წევრებს მიმართა. კომიტეტზე ზუგდიდის მე-6 სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს უსმენედნენ. თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საკითხზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ. 

„ამ საკითხზე მორალური საუბრის უფლება დეპუტატებს შორის ოპოზიციიდან, აქვს გამონაკლის რამდენიმე ადამიანს. დანარჩენებს არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ამ საკითხზე ილაპარაკოთ. უფლება იმიტომ არ გაქვთ, რომ არ გახსოვთ, არც ბოდიში მოგიხდიათ, არც კომიტეტის ჩატარება მოგითხოვიათ არასოდეს, იმ შემთხვევებზე, რომ თქვენი კოლეგის, ზაქარია ქუცნაშვილის დედაც ზუსტად თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, სკოლიდან გააგდეთ პოლიტიკური მოტივით. სასამართლოს წინ ერთი კვირით ადრე შეცვალეთ კანონმდებლობა, იმიტომ, რომ გჭირდებოდათ ამ ადამიანის წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ საკომიტეტო განხილვას, აქ ერთ ადამიანს თუ სჯერა დარბაზში, დღეს, ამ კომიტეტის ხელმძღვანელობა რომ ჩავაბაროთ რომელიმე ოპოზიციონერს, ეს ხალხი თუ ჩაატარებდა რამე მსგავს, ღია განხილვას ასეთ თემაზე. არ ჩაატარებდნენ! ამ დარბაზში, როდესაც სახალხო დამცველის აპარატში ვმუშაობდი და უმძიმეს დარღვევებზე მოგვქონდა ანგარიშები, ეს დარბაზი იყო ცარიელი“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ იმ წერილზეც ისაუბრა, რომლის საფუძველზეს ზუგდიდი მე-6 სკოლის შემოწმება დაიწყო და თქვა, რომ ამ წერილის ანონიმურობაზე საუბარი ოპოზიციის სპეკულაციებია.

„ანონიმურს რომ უწოდებთ ამ წერილს, არის თქვენი სპეკულაციები. ასე გინდათ ფონს გასვლა, მაგრამ ვერ გახვალთ ასე ფონს, იმიტომ, რომ წერილი, სადაც არის რეკვიზიტები, სახელი, გვარი, სამინისტრო ანონიმურად ვერ ჩათვლიდა ავტომატურად, თუ არ გადაამოწმებდა. სამართლებრივად მითხარით, გადამოწმების ვალდებულება თუ უწერია კანონმდებლობაში. თუ არ უწერია, ჩავწეროთ და აი ეს იქნება დღეს აქ ბაჩანა შენგელიას ყოფნის შედეგი, ეს იქნება ია კერზაიას შემთხვევაზე სწორი რეაგირება,“ - თქვა თალაკვაძემ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

კომენტარები