განათლების რეფორმა

ლომია: ვინც ნეოლიბერალისტურ დოქტრინას ფეხდაფეხ არ მიჰყვება, ბნელ ადამიანად ცხადდება

ერთი პერიოდი ბავშვებს რელიგიის გაკვეთილები უტარდებოდათ, სადაც გაკვეთილი ლოცვით იწყებოდა. შემდეგ, ნეოლიბერალების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, თითქოსდა დისკრიმინაციას ეწევა ხელისუფლება და სხვა ბავშვები უთანასწორო პოზიციაში ჩნდებიან. 

მე ლოცვების წაკითხვაზე არ ვსაუბრობ. ლოცვებს ბავშვები წაიკითხავენ ეკლესიაში, სახლში, ვისაც სად სურს. 

მე მინდა ვისაუბრო გაკვეთილზე, რომელიც ბავშვს რელიგიის ისტორიას ასწავლის. ასე უნდა ერქვას საგანს, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და ბავშვი ყველა რელიგიის შესახებ უნდა ფლობდეს ზოგად ინფორმაციას. ასევე, უნდა იცოდეს, რომელ რელიგიას რა როლი უთამაშია საქართველოს ისტორიაში. 

მე შეგნებულად არ გამოვყოფ მართლმადიდებლობას, რათა კოლეგებმა არ თქვან, რომ სხვა რელიგიების დისკრიმინაციას ვცდილობ. დღეს ვინც ნეოლიბერალისტურ დოქტრინას ფეხდაფეხ არ მიჰყვება, ყველა ბნელ ადამიანად ცხადდება. მე მინდა გთხოვოთ, ნუ შეგეშინდებათ სიბნელის, თუ ბოლო მაინც ნათელია. ნუ დაუკარგავთ ჩვენს ეკლესიას იმ ღვაწლს და როლს საქართველოს ეკლესიაში, ამავდროულად, არ დაარღვიოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. რელიგიის ისტორიის საგანი შემოიღეთ და ბავშვებს ყველა რელიგიის შესახებ ზოგადად ინფორმაცია მიაწოდეთ. 

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები