განათლების რეფორმა

განათლების მინისტრი რეპეტიტორებზე: ეს ჩრდილოვანი განათლება და კორუფციაა

პარლამენტი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში განათლების რეფორმაზე საუბრობს. 

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, რეპეტიტორების საკითხი იყო. მინისტრის თქმით, გამოცდებისთვის მოსამზადებლად მოსწავლეები მასწავლებლებთან დადიან და ამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავენ, რაც ჩრდილოვანი განათლება და კორუფციაა. 

"გეთანხმებით, რომ კორუფცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, მაგრამ მხოლოდ კორუფციის დაცვით და უზრუნველყოფით როგორც აქამდე ვერ მივიღეთ განათლების სისტემა, ასევე შეუძლებელია გრძელვადიანად ამის გაგრძელება. 

ამიტომ, ჩვენი მიზანია, სკოლას დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, რომელსაც რქნება ყველა მექანიზმი იმისთვის, როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები. 

დღეს რაც გვაქვს, არის აბსოლუტური კორუფცია, იმიტომ რომ ჩრდილოვანი განათლებაა, სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი. ეს არის ფაქტობრივად ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რომელშიც მშობლები ხარჯავენ ასეულობით მილიონობით ლარს, რომელსაც, როგორც შედეგები გვეუბნება და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ნებისმიერი საერთაშორისო კვლევა გვეუბნება, მათ შორის NDI, რომ ეს ყველაფერი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ განათლების სისტემის გაუარესებაზე. 

ამიტომ, განათლების რეფორმის ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მშობელი და სკოლა დავიცვათ კორუფციისგან", - თქვა მიხეილ ბატიაშვილმა. 

განათლების სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში გამოცდების გაუქმება გასულ კვირას დააანონსა. გაუქმდა საატესტატო გამოცდები, ასევე იგეგმება ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმება 2020 წლიდან. 

ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს. ევროპული საქართველო საკანონმდებლო წინადადების ინიცირებასაც გეგმავს, რომლის მიხედვითაც ზოგადი უნარების ჩაბარება ყველა უნივერსიტეტისთვის სავალდებულო იქნება.

კომენტარები