ილიაუნი

ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა რეორგანიზაციის შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართეს

ტაბულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია გამართეს. 

სტუდენტები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორთან, გიგა ზედანიასთან და აკადემიურ საბჭოს წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს.

სტუდენტები მიუღებლად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ბიზნესის სკოლა ახლადშექმნილ ფაკულტეტს შუერთდა და მათი ნაწილი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და სტუდენტებთან კომუნიკაცია არ ყოფილა. 

მათ ასევე თქვეს, რომ საბჭომ ეს გადაწყვეტილება, ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის მოსაშორებლად მიიღო. ყოფილ დეკანს, სტუდენტებმა მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 

თავად ქადაგიძე, აქციაზე სტუნდეტების მიერ მისი მისვლის მოთხოვნას facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის სტუდენტებს მხარს უჭერს და მათ აზრს სრულად იზიარებს. 

" არათუ ვიზიარებ მოთხოვნის შინაარს, მთლიანად მხარს ვუჭერს მას. ფიზიკურად არ ვარ სტუდენტებთან ერთად მხოლოდ იმიტომ რომ არ მოხდეს თემით სპეკულაცია და ვერ შეძლონ წმინდა სტუდენტური პროტესტის რაიმე ფორმით დისკრედიტაცია და სხვადასხვა იარლიყების მიწებება. სტუდენტური პროტესტი არის საუნივერსიტეტო ცხოვრების განუყოფელი და ძალიან ღირებული ნაწილი! ბიზნესის სკოლა იმსახურებს ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად ყოფნას",- წერს ქადაგიძე.  

ტაბულა ილიაუნის აკადემიური საბჭოს წევრს, დავით მაისურაძეს დაუკავშირდა და სტუდენტების პროტესტზე პოზიცია ჰკითხა. მაისურაძის თქმით, საბჭოს ეს გადაწყვეტილება ქადაგიძის წინააღმდეგ არ მიუღია და ახალი ფაკულტეტი უნივერსიტეტში არსებული გამოწვევების დასაძლევად შეიქმნა.

"დღეს ჰქონდა რექტორს შეხვედრა სტუდენტების რამდენიმე ჯგუფთან. მათ ნაწილთან შეხვედრა პროტესტი მოყვა, ნაწილთან შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა. თუმცა, პროტესტი ნორმალური და საუნივერსიტეტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მე ვფიქრობ, რომ ამ რეორგანიზაციით და ახალი ფაკულტეტის შექმნით სხვადასხვა გამოწვევების გადაწყვეტა ხდება",- ამბობს მაისურაძე

​კითხვაზე, რეორგანიზაციის თაობაზე სტუდენტები იყვნენ თუ არა სათანადოდ ინფორმირებულები, მაისურაძე ამბობს, რომ სტუდენტების უფრო ფართო წრესთან და უფრო ადრე უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია. 

"რადგან უნივერსიტეტი არის ცოცხალი ორგანიზმი, არიან პროფესორები, აკადემიური პერსონალი, მათ შორის სტუდენტებიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტუდენტებთან კომუნიკაცია უფრო ადრე უნდა ყოფილიყო, უფრო სწორად, სტუდენტების უფრო ფართო წრესთან უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება ადრე. სამომავლოდ, უნივერსიტეტი შორს მიმავალ პერსპექტივაში, როცა სხვა რეფორმები განხორციელდება, ნამდვილად იხელმძღვანელებს დღეს არსებული მოცემულობით",- აღნიშნა მან. 

მისივე თქმით, კომუნიკაციას და რეორგანიზაციის პროცესში არა მხოლოდ ადმინისტრაცია და აკადემიური საბჭო. არამედ, ყველა ფაკულტეტი უნდა იყოს ჩართული. 

"მათ შორის იგივე შეიძლება ითქვას, უკვე ყოფილ დეკანზე. ისიც აქტიურად უნდა ყოფილიყო სტუდენტებთან კომუნიკაციაში ჩართული",- ამბობს მაისურაძე.

 

ილიაუნიდან გათავისუფლებაზე, გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს ისაუბრა. მან ადმინისტრაციის გადაწყვეტილება "ცვლილებების შიშს და ძირეული სიახლეების მიუღებლობას" დაუკავშირა. 

4 თებერვალს, გიორგი პაპავამ​ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ქადაგიძის მხარდაჭერისთვის ის ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ხარისხის მართვის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ეს მას ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. 

ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან - რეორგანიზაციასთან და გიორგი ქადაგიძისა და გიორგი პაპავას განცხადებებთან დაკავშირებით, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ სხდომაზე, როდესაც საბჭოს წევრებსა და გიორგი ქადაგიძეს შორის ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

კომენტარები