სავალუტო აუქციონი

მეშვიდე სავალუტო ინტერვენცია - 2019 წელს სებ-მა უკვე 100 მლნ დოლარი იყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6497 შეადგინა. აუქციონი 6 თებერვალს გაიმართა.

ეს 2019 წლის მეშვიდე სავალუტო ინტერვენციაა - ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან უკვე 100 მლნ დოლარი შეისყიდა, ხოლო 2018 წლის განმავლობაში - 180 მილიონი დოლარი.

სექტემბრიდან ლარს გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, 2018 წლის ბოლოდან სებ-ი დოლარს ყიდულობს. ბოლო ორ თვეში ლარი აღარ გაუფასურებულა - ეროვნული ვალუტა მცირედით მყარდება ან დაახლოებით იგივე ნიშნულზე დგას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობდა, რომ სავალუტო შესყიდვებმა შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში "რაიმე გავლენა" იქონიოს ლარის კურსზე, თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას არ ახდენს. მისი აზრით, "დღევანდელი ეკონომიკისათვის ის რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, არ არის ადეკვატური, არ იცავს მას პოტენციური რისკებისგან, ამიტომ, საჭიროა ამ რეზერვების დაგროვება".

კომენტარები