NATO

NATO-ს შემდეგი სამიტი დეკემბერში ლონდონში გაიმართება

Reuters

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერების შემდეგი სამიტი მიმდინარე წლის დეკემბერში ლონდონში გაიმართება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა.

"ჩვენ მადლიერი ვართ, რომ დიდი ბრიტანეთი დათანხმდა უმასპინძლოს შეხვედრას ალიანსის 70-ე წლისთავზე. ლონდონი ნატოს პირველი შტაბის სახლი იყო. დიდი ბრიტანეთი ალიანსის დამფუძნებელი 12 ქვეყნიდან ერთ-ერთია და დიდ როლს თამაშობს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით. ლონდონში შეხვედრა იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებული ახლანდელი და სამომავლო გამოწვევების განსახილველად კარგი შესაძლებლობა, რათა ნატომ გააგრძელოს ადაპტაცია ერთ მილიარდამდე ადამიანის უსაფრთხოების დასაცავად." თქვა მან.

გადაწყვეტილებას მიესალმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეიც:

"70 წლის განმავლობაში ნატო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი იყო. დღევანდელი გამოწვევები ძალიან განსხვავდება იმისაგან, რის წინაშეც ალიანსი იდგა მაშინ, როდესაც ლონდონში პირველი შტაბი გაიხსნა. დიდმა ბრიტანეთმა ნატოს ისტორიაში ცენტრალური როლი ითამაშა და ადაპტირდა უსაფრთხოების ახალ და კომპლექსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. დეკემბრის შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ახალი ნაბიჯების განსასაზღვრად, რაც ალიანსის მოდერნიზაციის და სამომავლო წარმატებებისათვის არის აუცილებელი." თქვა მან.

ნატოს ბოლო სამიტი გასული წლის ივლისში ბრიუსელში გაიმართა. მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო და მოკავშირე ქვეყნების ლიდერები გააკრიტიკა. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ტრამპი სამიტს დაესწრება და პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება ლონდონში.

კომენტარები