ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძეს მთავარი პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

TV Pirveli / Screengrab

ზაზა სარალიძეს მთავარი პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რა დროსაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

სარალიძესთან ერთად პროკურატურის ეზო დაატოვებინეს მალხაზ მაჩალიკაშვილსაც.

შეგახსენებთ, რომ სარალიძე მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს.

სარალიძემ თქვა, რომ ის აქ 6 საათამდე თადუმაძის სამუშაო საათების დასრულებას დაელოდება. მისი თქმით, ის პროკურატურის ტერიტორიას თადუმაძესთან შეხვედრამდე არ დატოვებს. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას პროკურორებთან შეხვედრას სამშაბათს, 12 თებერვალს სთავაზობს.

ზაზა სარალიძე შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

16 წლის მოზარდი 2017 წლისს 1-ლ დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა. 

კომისიის დასკვნის შესახებ წაიკითხეთ აქ.  

კომენტარები