განათლების რეფორმა

ბახტაძე: არ მსურს, საქართველოში მხოლოდ ე.წ ელიტური და პრესტიჟული სკოლები იყოს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძის თქმით, მას არ სურს, საქართველოში მხოლოდ პრესტიჟული და ელიტური სკოლები იხილოს, ვინაიდან აქ ყველა სკოლა წარმატებული უნდა იყოს. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ქვეყანამ განათლების სექტორში მთლიანი ეკონომიკის 10-12%-იან წილს უნდა მიაღწიოს, ამისთვის კი "რეფორმა რამდენიმე ფაზად დაიყო და როცა ყველაფერი დასრულდება, ეს სწორედ ასე იქნება". 

"რეფორმა მოიცავს ხუთივე საფეხურს, ესენია: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ჩვენთვის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო;  განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ორნახევარჯერ ამ მიმართულებით.

მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენი მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ამისთვის რეფორმაში გათვალისწინებულია განათლების ხარისხის ზრდა. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამისი ისტორიული ფესვები და უმაღლესი განათლების რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან ჩვენს უნივერსიტეტებში.

პროფესიული განათლება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში", - თქვა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, მთავრობას იდენტიფიცირებული აქვს დეფიციტური პროფესიები, ასევე ისინი, რომლებიც უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკას დასჭირდება. 

კომენტარები