უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში მიტროპოლიტი ეპიფანეს აღსაყდრებას დაესწრო

Embassy of Georgia to Ukraine

უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში მიტროპოლიტი ეპიფანეს კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრებას და საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

მიტროპოლიტ ეპიფანეს ტახტზე დაბრძანების ცერემონიაში მსოფლიო საპატრიარქოს გალიის მიტროპოლიტი, ემანუელიც მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. 

საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მიღება ჯერაც არ მიულოცავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა.

 

კომენტარები