პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრესსპიკერი პრეზიდენტის გერზე: ვადასტურებ, რომ ნანა კაშია ადმინისტრაციაშია დასაქმებული

Facebook/ Nana Kashia

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში თავისი გერი და ქმრის დისშვილი დაასაქმა. ნანა კაშიასა და ქეთევან მიქაძესთან კონტრაქტის გაფორმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ადასტურებს. 

კურიერის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაასაქმეს ეს ორი ადამიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხატია მოისწრაფიშვილი საკითხში მათ კვალიფიკაციას ასახელებს.

"გიდასტურებთ. ნამდვილად მუშაობენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნანა კაშია და ქეთევან მიქაძე. ეს ქალბატონები დასაქმებულები არიან ადმინისტრაციაში კონსულტანტის პოზიციებზე. ქალბატონ ნანა კაშიას აქვს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება. ის ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობდა პოლიტიკურ განყოფილებაში და ჰქონდა უვადო კონტრაქტი. თავისუფლად საუბრობს 4 ენაზე და გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე იყო იქ დასაქმებული. რაც შეეხება ქეთევან მიქაძეს, ის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებამდე მუშაობდა საქართველოს ლატარიის კომპანიაში და ხელმძღვანელობდა ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტს. როგორც უკვე გითხარით, ისიც არის კონსულტანტი. ჩვენს ინტერესში იყო ასეთი ტიპის კადრი დაგვესაქმებინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" - ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი. 

ამასთან, მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსი იმიტომ არ ჩატარდა, რომ ზურაბიშვილის ნათესავებს დროებითი კონტრაქტები გაუფორმეს, რისი ვადის ამოწურვის შემდეგაც, მისივე თქმით, კანონით გათვალისწინებული კონკურსიც ჩატარდება. 

"ორივე კადრი დასაქმებულია კანონთან სრულ შესაბამისობაში და არ არსებობს არცერთი კითხვა კანონთან მიმართებაში. ეს არის დროებითი კონტრაქტები და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, როდესაც რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება, იქნება კონკურსი,"- ამბობს მოისწრაფიშვილი. 

კომენტარები