განათლება

ილიაუნის საბჭო: ქადაგიძემ ცვლილებების მიმართ მოულოდნელი და გაუგებარი პოზიცია დაიკავა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის.

საბჭოს თქმით, უნივერსიტეტში სტრუქტურული ცვლილებების საჭიროება განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, როგორც შიდასაუნივერსიტეტო გამოწვევებმა, ისე ადგილობრივ ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ და განათლების გლობალური ტრენდების ასახვის სურვილმა.

საბჭოს თქმით, სტრუქტურული რეფორმის შედეგად დაფუძნდა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი. ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტს გამოეყო საინჟინრო მიმართულებები და დაერქვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი. 

მათივე განცხადებით, რეფორმის კომპონენტებზე უნივერსიტეტში 2017 წლიდან მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა 2019 წლის იანვარში, ახალი სემესტრის დაწყებამდე.

"რეფორმების ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ბიზნესის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენლები, რეკომენდაციებით მიმართა აკადემიურ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილებაც რეფორმის თაობაზე დაადასტურა წარმომადგენლობითმა საბჭომ.

ჩვენთვის მოულოდნელი და გაუგებარი პოზიცია დაიკავა ამ პროცესების მიმართ გიორგი ქადაგიძემ, რომელმაც საჯარო განცხადებაში აღნიშნული ცვლილებები დაუკავშირა საკუთარ პიროვნებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ქადაგიძემ ცვლილებების პროცესის დაწყების შემდეგ (სკოლის საბჭოსთან კომუნიკაცია, სამუშაო ჯგუფის შექმნა) დაწერა მოთხოვნა ორკვირიან შვებულებაზე, ხოლო შვებულებაში გასვლამდე სხვადასხვა მიზეზით არიდებდა თავს შეხვედრებში მონაწილეობას",- წერია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ასევე მათივე თქმით, აკადემიური საბჭოსათვის მიუღებელია უნივერსიტეტის სტრუქტურული რეფორმის დისკრედიტაციის ეს მცდელობა და ქადაგიძის თაობაზე საბჭო დამატებით განმარტებებს გააკეთებს უახლოეს მომავალში.

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განცხადება 31 იანვარს გაავრცელა. მისი თანამდებობიდან მოხსნას ის ცვლილებების შიშს უკავშირებს.

კომენტარები