ვენესუელა

მადურო: მზად ვარ ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე

ნიკოლას მადურო / ხუან გუიაიდო
The Week

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ რუსულ სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის მზადაა.

"მზად ვარ ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე ვენესუელას ინტერესების სასარგებლოდ, მშვიდობის და მომავლისათვის." თქვა მადურომ რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით.

მისივე თქმით რამდენიმე ქვეყნის მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია გულწრფელადაა შეწუხებული ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებით და მხარეებს დიალოგისაკენ მოუწოდებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებს და ორგანიზაციების გულისხმობდა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გასულ ორშაბათს დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

გუშინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

კომენტარები