ფარული ჩანაწერები

ეს შენ გეხება: ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ჩანაწერებით შანტაჟი აღკვეთოს

"ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა აღკვეთოს," - კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობოები დეპუტატი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებას ეხმაურებიან. განცხადებაში წერია, რომ ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატების, არამედ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი წევრების დაშინებას და, რომ ეს გზავნილია ყველა აქტიური ქალის მიმართ.

"აღმაშფოთებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, საეჭვოდ ემთხვევა ეკა ბესელიას მიერ ბოლო დროს გამოთმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღმაშფოთებელია, თუ ფარული ჩანაწერების გავრცელების და შანტაჟის გზით კონკრეტული ადამიანები სასამართლოს რეფორმის შეჩერებას და სასამართლოში გაბატონებული მოსამართლეთა კლანის პროტექციას ცდილობენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია, როგორ უკანონო ჩანაწერის დამზადება, ასევე მისი გავრცელება. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს დანაშაულის გამეორებას და წახალისებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ასევე, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას." - წერია განცხადებაში. 

სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელებაზე დამნაშავე პირების დაუსჯელობა მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, ქვეყანაში მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის საბოლოოდ აღსაკვეთად და დროულად განახორციელოს ცვლილებები ფარული-მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაცვლელად." - წერია განცხადებაში.

გუშინ ოცნებიდან გარიცხულმა დეპუტატმა და ამჟამად პატრიოტთა ალიანსის წევრმა დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება. მან ეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. კადრების შესაძლო გავრცელებას გამოეხმაურა თავად დეპუტატი ეკა ბესელიაც, მის მიერ გავრცელებულ განცადებაში, სადც ქართულ ოცნებას მიმართავს წერია: "კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში"... შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი..."

კომენტარები