დაპირისპირება ჭიდაობის ჩემპიონატზე

ხაბარელი გეგეშიძის დაკავებაზე: საქმე სიღრმისეულად შესასწავლია

ტაბულა

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მით უმეტეს სპორტში - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა თქვა. 

ხაბარელი ჭიდაობის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმეს საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. 

" მე ვფიქრობ, რომ საქმე არის ეს სიღრმისეულად შესასწავლი. ყველამ იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. საკითხი, რომელიც არის კონკრეტულ შემთხვევაში გამწვავებული, ეს არ უნდა მოხდეს გადაგორებით და ყველა თემა თავიდან ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი",- ამბობს ხაბარელი. 

მისივე თქმით, სპორტის სამინისტომ მომხდარზე თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. 

"სამინისტრომ, გარკვეულწილად, თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს და შედეგი უნდა დადოს, მაგრამ შედეგს ჩვენ ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ. თვითონ სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც აი, ასეთ ფაქტებს აგვაცილებს თავიდან. გარკვეულწილად, მე ვფიქრობ, რომ მთელი სიმძიმე უნდა მოხდეს სამინისტროს მხრიდან და ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას",- ამბობს ხაბარელი. 

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა.

თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო შაბათის კურიერმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს.

კომენტარები