გაზპრომი

ეკონომიკის მინისტრი: გაზპრომთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ

lngworldnews

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა გაზპრომთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს. 

გიორგი ქობულიამ რუსთავი 2-ს უთხრა, რომ მოლაპარაკება დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება. 

"ვიმყოფებით მოლაპარაკების პერიოდში და სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, წინა კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ამ კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში დამთავრდება ჩვენი მოლაპარაკებები და რაც არ იქნება კონფიდენციალური, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველას მოგახსენებთ", - თქვა ქობულიამ. 

გაზპრომთან ჯერაც მიმდინარე კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა. კონრაქტი და მისი პირობები საიდუმლოა, თუმცა, ცნობილია, რომ ის 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურით და ფულით) ანაზღაურებას, 2018 წლიდან კი მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებდა (რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას).

გაზპრომი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას 2016 წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე გაზპრომის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები