ბრექსითი

ევროკავშირში ბრექსითის ვადის 2020 წლამდე გადადების შესაძლებლობას განიხილავენ

ევროკავშირის წარმომადგენლები ბრექსითის 2020 წლამდე გადადების შესაძლებლობას განიხილავენ. გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის ბრექსითის ვადის, რომელიც ამჟამად 2019 წლის 29 მარტითაა განსაზღვრული, გადაწევის თაობაზე.

ამ დრომდე განიხილებოდა ბრექსითის 3 თვით გადადების შესაძლებლობა, თუმცა პარლამენტში გეგმის ისტორიული მარცხის გამო საუბარი დაიწყო ერთი წლით გადავადებაზე.

"ჩვენ კიდევ გვაქვს დრო ხელახალი მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ ჩვენ ახლა ველოდებით რას შემოგვთავაზებს პრემიერმინისტრი." თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

"პირველი დასკვნა, რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ, როგორც ჩანს, შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა ბევრს არ სურს. ეს მნიშვნელოვანი მესიჯია ეკონომიკისათვის, რაც სრუტის ორივე მხარეს ბევრ სამუშაო ადგილს შეგვინარჩუნებს. ჯერ-ჯერობით არ მინახავს ნათელი პოზიცია მოვლენების შემდგომი განვითარების თაობაზე. დიდ ბრიტანეთს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეს პოზიციის ნათლად ჩამოსაყალიბებლად. თუ ეს საჭირო გახდება, ევროკავშირმა დამატებითი დრო უნდა მისცეს იმისათვის, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა და ხალხმა ნათელ პოზიციამდე მიაღწიონ. ჩვენ უნდა დაველოდოთ პარლამენტის გადწყვეტილებას და შემდეგ განვიხილოთ სამოქმედო გზები." თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პიტერ ალტმაიერმა.

"რასაც არ დავუშვებთ, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, არის ის, რომ ბრიტანეთის პოლიტიკური არეულობა კვლავ შემოიჭრას ევროკავშირში. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, ბრიტანეთს მეტი დრო სჭირდება, წარმოუდგენელია, რომ ის ევროპარლამენტის არჩევნებს გადასცდეს." დაწერა საკუთარ ტვიტერზე ევროპარლამენტში ბრექსითის კოორდინატორმა გაი ვერჰოფსტადტმა. არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისსა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

ამის შემდეგ ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ტერეზა მეისათვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოითხოვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის მთავრობამ პარლამენტში უნდობლობა დაძლია. მთავრობას მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო უნდობლობა 306-მა გამოუცხადა.

ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე არ დატოვოს და ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება არ გახდეს საჭირო. ამჟამად ის პარლამენტში შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს.

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

 

კომენტარები