ჩეჩნეთი

უფლებადამცველები: ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების დაპატიმრება გრძელდება, წამებით კიდევ 2 მოკლეს

Getty Images

რუსული უფლებათა დამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების დაპატიმრება და მათი წამება კვლავ გრძელდება. მათი ინფორმაციით დეკემბრის შემდეგ 40-მდე ადამიანი დააკავეს. მათგან ორი წამების შემდეგ გარდაიცვალა.

რუსული ლგბტ ქსელის მიხედვით ზეწოლა მას შემდეგ განახლდა, რაც სოციალურ მედიის, VKontakte-ს ონლაინ ლგბტ ჯგუფის ადმინისტრატორი დააკავეს. მათი ინფორმაციით პოლიცია დაკავებულებს სამგზავრო დოკუმენტებს ართმევს, რათა მათ ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისინი უკვე 150 ადამიანს დაეხმარნენ ქვეყნიდან გაქცევაში, თუმცა ახლა ეს გართულდება.

მთავრობა ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი კაცებისათვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის შესახებ რუსული გამოცემა Novaya Gazeta 2016 წლის აპრილში წერდა. გამოცემის მიხედვით, მაშინ მხოლოდ ერთ კვირაში 100 ჰომოსექსუალი კაცი დააკავეს და ამ ბანაკებში გადაიყვანეს, ხოლო მათგან სამი მოკლეს. დაკავებულთა შორის ცნობილი სატელევიზიო წამყვანები და რელიგიური ფიგურებიც იყვნენ.

ისინი, ვინც საპატიმროებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ პატარა ოთახში 30-40 ადამიანს ათავსებენ, ელექტროშოკით აწამებენ და სასტიკად სცემენ.

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ პუტინის ახლო მოკავშირე, რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი თანამოქალაქეებს ჰომოსექსუალების არაკანონიერი გზებით დასჯის და მოკვლისკენაც კი მოუწოდებს.

კადიროვი მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნეთში გეი მამაკაცები არ არიან და დაკავებებს უარყოფდა. მისი თქმით მსგავს ადამიანებს საკუთარი ოჯახები დახოცავდნენ.

ჩეჩნეთის რესპუბლიკას სისიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველმა სამმა ფრანგულმა ჯგუფმა ჰომოსექსუალების მიმართ გენოციდის გამოც უჩივლა.

კომენტარები