უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

ჯანეზაშვილი: კონკურსის გარეშე შერჩეული და დასახელებული კანდიდატები სანდო ვერასოდეს იქნება

ნაზი ჯანეზაშვილი
ინტერპრესნიუსი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად პროცედურები და კრიტერიუმები შემუშავდება. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე იგეგმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიის განახლება.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კონკურსი და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატები სანდო ვერ იქნება.

"აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კონკურსი, კონკურსის გარეშე შერჩეული კანდიდატურები და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატურები, ბუნებრივია, სანდო ვერასოდეს ვერ იქნება. მეორე, აუცილებელია და საჭიროა, რომ შეიქმნას ფილტრი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატურებს, აუცილებლად შეიქმნას იმ კანდიდატების გადარჩევის ფილტრი, რომელებიც საბჭოს მიმართავენ. მე და ანა დოლიძე  უახლოეს მომავალში ერთად შევთავაზებთ ამის მოდელს", - ამბობს ჯანეზაშვილი.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტები და საბჭოს წევრებს კანდიდატად საკუთარი თავის დასახელება არ უნდა შეეძლოთ.

"მე მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, რადგან ისინი წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც ახდენს ნომინირებას კანდიდატებისა და აქ არის ინტერესთა კონფლიქტი ფართო გაგებით და ძალიან მაღალი სტანდარტით თუნდაც. მდივანი თავის თავს არ უნდა ასახელებდეს კანდიდატურად და შემდეგ უკვე მესამე პირში არ უნდა საუბრობდეს იმ კვალიფიკაციასა და ღირსებებზე, ასევე უპირატესობებზე, რომლებიც თავად გააჩნია", - ამბობს ჯანეზაშვილი

დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია განახლდება. ამ კრიტერიუმების პროცედურების და კრიტერიუმების გავლა მოუწევთ არსებული სიის წევრებსაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მას ჰქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და მათი პოზიციაა, რომ კრიტერიუმებს, რომელიც შემუშავდება, "დაექვემდებარება თითოეული მათგანი".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმათველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად. 

კომენტარები