უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, საბჭოს წარმოდგენილი მოსამართლეების სია არ გავა

პირველი არხი

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეების 10-კაციან სიას პარლამენტში მხარდაჭერა არ ექნება.

"მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! 
მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ", - წერს ჩუგოშვილი ფეისბუქზე.

დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია განახლდება. ამ პროცედურების და კრიტერიუმების გავლა მოუწევთ პარლამენტში უკვე წარდგენილი სიის წევრებსაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მას ჰქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და მათი პოზიციაა, რომ კრიტერიუმებს, რომელიც შემუშავდება, "დაექვემდებარება თითოეული მათგანი".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმათველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად. 

კომენტარები