თიბისი ბანკის საქმე

TBC ბანკი: ვერ შევეგუებით რეპუტაციის შელახვის მცდელობას

TBC ბანკის ჯგუფი ეხმაურება ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით. 

TBC ბანკის ჯგუფის ერთიანი განცხადება მამუკა ხაზარაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 

განცხადებაში წერია, რომ ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებული "მცდარი და მიზანმიმართლად დამახინჯებული ინფორმაცია" თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას ემსახურება. 

"აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა, განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს.

თიბისი ბანკი არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ.

თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 9 იანვარს პროკურატურა თიბისი ბანკში შევიდა და გამოძიების ფარგლებში "გარკვეული სახის დოკუმენტები" ამოიღო. უწყება ჯერჯერობით არ პასუხობს კითხვას, რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და რა ინფორმაცია გამოითხოვეს ბანკიდან. 

თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება 2008 წლის "რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას", რომელიც, მათივე თქმით:

  • "არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;
  • არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
  • ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია" 

"თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები