უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი გადასცა

Facebook / Petro Poroshenko

სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ტომოსს მსოფლიო პარტიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა.

ტომოსის ხელმოწერას და გადაცემას უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც მოვლენას საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა:

"დღეს უკრაინელი ხალხის თაობების ოცნება ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიაზე ასრულდა. დღეს ჩვენთან იყო ღმერთი და ჩვენ ეს ვიგრძენით და მას უკრაინის დალოცვა, მშვიდობა და მოწყალება ვთხოვეთ.

ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინა, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ტომოსი მიიღო. ხვალ, ჩვენს ბრწყინვალე დღესასწაულზე მიტროპოლიტი უკრაინისათვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე საშობაო ლიტურიგიას აღავლენს." წერს ის.

კომენტარები