ეკა ბესელია

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტი

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ბესელიამ საკუთარი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაუკავშირა. 

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება იხილოს გამჭირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების, გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი უნდა იყოს უცილობლივ კრიტერიუმებით დადგენილი წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი  და უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. უნდა იყოს ყველა პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც  ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ის მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს." - თქვა ეკა ბესელიამ. 

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ის ელოდებოდა მისი მოადგილის ვაზო ზარდიაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ, რადგან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მას ვერ დატოვებდა. 

"რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ, მე ველოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს ისეთ კანდიდატს, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი." - თქვა ბესელიამ

იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც გაახმაურა, ბესელია ამბობს, რომ  ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება."

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო გახდა.

მოსამართლეები მიმდინარე სესიაზე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  

კომენტარები