ბესელია-ზარდიაშვილი

ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა, იურიდიული კომიტეტი დატოვონ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა კომიტეტი დატოვონ, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. უმრავლესობის წევრები ინფორმაციას, ამის შესახებ არ ადასტურებენ, თავად ეკა ბესელიას ბრიფინგი კი 14:00 საათზე არის ჩანიშნული. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უკავშირდებოდეს.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, ეს არის იურიდიული კომიტეტის დიდი დამსახურება. კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ლომის წილი მიუძღვის. ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიტერიუმები საჭიროა. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ჩვენ განვსაზღვრავთ რამდენიმე ათეულ წელს და განვსაზღვრავთ უამრავი ადამიანის ბედს. შესაბამისად, არ მინდა ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც მე თვითონ ჩამაყენებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ყველას ეცოდინება ამ ადამიანებს ვინ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, მინდა ისეთ პროცესში მონაწილეობის მირება , სადაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე საკუთარ სინდისთან ვიქნები მართალი და იმ ხალხთან ვინც მე პარლამენტში ამირჩია." - ამბობს იურიდიული კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. 

გია ვოლსკის თქმით, კი "ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არანაირი პასუხი არ მაქვს იმიტომ რომ ასეთი ინფრომაცია არ გამაჩნია."

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო გახდა.

მოსამართლეები მიმდინარე სესიაზე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  

კომენტარები