ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი

მოიწვიე ჯაფარა მეკვლედ - გირჩის წინასაახალწლო აუქციონი

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook/Zurab Japaridze

ლიბერტარიანული პარტია გირჩი წინასაახალწლოდ აუქციონს ატარებს, რომლის გამარჯვებულებსაც ახალ წელს მეკვლედ გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეწვევა. 

აუქციონის მიზანი პარტიის დაფინანსებისთვის თანხის შეგროვებაა.

"მიზანი შემოწირულობების აკრეფა და დონაციის ერთგვარი მეთოდია. ვეცადეთ, რომ ამ სახალისო გზით საახალწლოდ შემოწირულობები აგვეკრიფა,"- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ტაბულასთან საუბრისას. 

აუქციონი ორ ნაწილად იყოფა: 

პირველი არის მიმდინარე აუქციონი, რომელიც 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე ტარდება და მეორე აუქციონი, რომელიც ახალი წლის ღამით, პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ტარდება. 

პარტიის განცხადებით, მიმდინარე აუქციონის ფარგლებში გამარჯვებულ პირველ სამ ადამიანს, ხოლო პირველ იანვარს, ახალი წლის ღამის აუქციონში გამარჯვებულ პირველ ორ ადამიანს, ზურაბ ჯაფარიძე (ჯაფარა) საახალწლო სუფრაზე ეწვევა. 

2018 წლის 31 დეკემბრის 23:30 საათამდე მიმდინარე აუქციონში გამარჯვებულად იქნება მიჩნეული ის სამი ადამიანი და ახალი წლის ღამის, პირველი იანვრის (00:00-03:00) აუქციონში ის ორი ადამიანი, ვინც ყველაზე მეტ ფულს შესწირავს გირჩს japara.ge-ზე გამართული აუქციონის მეშვეობით.

"შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში,"- წერია აუქციონის აღწერაში. 

დეტალების გასარკვევად უნდა გადახვიდეთ მითითებულ ვებ-გვერდზე. 

კომენტარები