ზვიად გამსახურდიას საქმე

შიმშილობის მე-11 დღეს კონსტანტინე გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, შვილი კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობის მე-11 დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 კლინიკის ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ექიმი ამბობს, რომ გამსახურდია გულ-მკერდის არეში ტკივილებით და საერთო სისუსტის დიაგნოზით მიიყვანეს საავადმყოფოში და ამჟამად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

"კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ ჩივილებით: ტკივილი გულ-მკერდის არეში, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, შეფასდა კარდიოლოგის და ნევროლოგის მიერ. მოთავსდა კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მდგომარეობა გახლავთ საყურადღებო, თუმცა ჰემოდინამიკური მაჩვენებელი სტაბილურია. რა თქმა უნდა, შიმშილობამ გამოიწვია პროვოცირება,"- ამბობს ექიმი რუსთავი2-თან საუბრისას. 

საქართველოს პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს მისი ძმა ცოტნე გამსახურდია. პირველი პრეზიდენტის ოჯახმა შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს. მათი მოთხოვნა იყო, ზვიად გამსახურდიას საქმეს არ შეხებოდა ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 31 დეკემბერს იწურებოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაიზარდა, თუმცა პირველი პრეზიდენტის შვილები შიმშილს კვლავ აგრძელებენ. ისინი საქმის დროულ გამოძიებასა და სპეციალური პროკურორის დანიშვნას მოითხოვენ.

კომენტარები