ზვიად გამსახურდიას საქმე

ივანიშვილი: ის, რომ გამსახურდიას დაღუპვის საქმე გამოუძიებელია, არის ქვეყნის დიდი სირცხვილი

ტაბულა

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.  მისი თქმით, 31 მარტი "ბევრ მივიწყებულ ტკივილს" გააღვიძებს. ივანიშვილი ქვეყნის დიდ სირცხვილს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია. 

"ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს.

სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ.

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა, სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული ცხრა აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს - 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა" - წერს ივანიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა. პრემიერმა 28 მარტის ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ფოსტა საფოსტო მარკას გამოსცემს, ხოლო განათლების სამინისტრო "ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის" ზვიად გამსახურდიას სახელობის ყოველწლიურ პრემიას დააწესებს, ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, წიგნები და ფოტოები. გარდა ამისა, რეგიონალური განვითარების სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით 2015 წელს განახლდა. 2018 წლის დეკემბერში საქმეზე ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, თუმცა, პირველი პრეზიდენტის შვილების შიმშილობის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა პარლამენტს, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა. საკანონმდებლო ორგანომ გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაზარდა.

კომენტარები