ბუტა რობაქიძის საქმე

ოქრუაშვილი: სოსო რობაქიძემ ფული მომთხოვა, რომ საქმიდან ჩემი გვარი ამოეღოთ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამ მას ფული მოსთხოვა, იმისთვის რომ მისი შვილის საქმიდან ოქრუაშვილის სახელი გამქრალიყო. ამის შესახებ ოქრუაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"მისმა [ია მეტრეველის] ქმარმა 2009 წელს რამდენიმე ადამიანი გამომიგზავნა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომ ჩემი გვარი ამ საქმეზე აღარ ხსენებულიყო. მე მაშინ, როგორც ყველაზე ნაკლებად მოაზროვნე ადამიანი მოქცეოდა, ისე მოვიქეცი, უარი ვუთხარი მას ამაზე, იმიტომ, რომ მსგავსი ბინძური გარიგება ცხოვრებაში ჩემთვის არასდროს არავის შემოუთავაზებია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე გარკვეულად ცინიკურად მოვიქეცი მას სასამართლოს ეზოში, თუ ვინმემ გამაკრიტიკა ჩემს ასეთ მიმართვაზე, მე ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს ამ განცხადების შემდეგ დუელი შესთავაზა. მისი თქმით, თუ ოქრუაშვილი დაამტკიცებს რომ მან მართლაც მოსთხოვა ფული, თავს მოიკლავს, ხოლო თუ ვერ დაამტკიცებს, მოკლავს.

"ირაკლი ოქრუაშვილს ახლა ერთი ადგილი აეწვა და დადგა ის საკითხი, რომ ნახეთ მე რა კაცი მებრძვის, ხალხი გამომიგზავნა ფულზე", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

სასამართლოს დასრულების შემდეგ, რომელმაც ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნო, გარდაცვლილის დედამ, ია მეტრეველმა მედიას უთხრა რომ მიმდინარეობს გამოძიება ბრძანების გამცემებზე, რომელთა შორისაც არის ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები