ბუტა რობაქიძის საქმე

დონაძე: განაჩენი უკანონო იყო, უდანაშაულო ადამიანები პოლიტპატიმრებად გვაქციეს

გურამ დონაძე
ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებს. დონაძემ განცხადება ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა.

“2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - დავით მგელიაშვილმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. მგელიაშვილმა, პირადი ინტერესები კანონზე მაღლა დააყენა და ყოველგვარი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ამით კი, მისი, როგორც მოსამართლის, უვადოდ გამწესების გარანტია მიიღო. ე.წ. კრიმინალმა ზაზა ბაქრაძემ კი, პროკურატურასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გარიგების თანახმად, ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და სრულიად უდანაშაულო ადამიანები - ჟურნალისტი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია”, - აცხადებს გურამ დონაძე.

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნეს. ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო 5 ბრალდებულიდან, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და ამბობდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა გადაწყვეტილება 18 დეკემბერს გამოაცხადა.

  • გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
  • დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
  • ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.
  • ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
  • ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.

პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურეობრივი უფლებამოსლების გამოყენებით მტკიცებულებების გაყალბებას ედავებოდნენ - პროკურატურა აცხადებდა, რომ 2004 წელს პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი "პატრულის იმიჯის“ გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. 

კომენტარები