ბუტა რობაქიძის საქმე

შსს: ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას მოქალაქემ პროკურორს სანთებელა ესროლა, ის დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესზე მყოფმა მოქალაქემ პროკურორს სანთებელა ესროლა და დაზიანება მიაყენა. ის დაკავებულია.

"საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, 1995 წელს დაბადებულმა ლ.ბ. სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა. მანდატურებმა ლ. ბ. სასამართლოს ეზოში შეაჩერეს. აღნიშნული პირი პოლიციამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გადაიყვანა", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნეს. 

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები