უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

კირილმა ილია II-ს უკრაინაზე მხარდაჭერა ისე სთხოვა, ტიტულიდან აფხაზეთი კვლავ ამოაგდო

პატრიარქი კირილი და პატრიარქი ილია მეორე

უკრაინის გამაერთიანებელი კრების შემდეგ, რომელმაც უკრაინაში ახალი, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დააფუძნა, მოსკოვის პატრიარქმა კირილმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს წერილით მიმართა.

კირილი წერილში მხარდაჭერას ითხოვს და აღნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცრუეპისკოპოსების მონაწილეობით არაკანონიკური კრება შეკრიბა, რითაც იერიში მიიტანა "კანონიკურ მართლმადიდებლობაზე".

პატრიარქი კირილი წერს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უხეშად არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს.

მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი კირილი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დამპყრობლური პოლიტიკით აშინებს და წერს, რომ "უკრაინული სცენარი შესაძლოა განხორციელდეს რომელიმე სხვა ადგილობრივ ეკლესიაშიც" - იმავე წერილში, ეჭვქვეშ აყენებს ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქცის.

კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კვლავ მოიხსენიება არასრული ტიტულით. ტიტულიდან კვლავ ამოღებულია "ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის" წოდება.

ამის პარალელურად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტიტულს სრულყოფილად მოიხსენიებს.

15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

სწორედ ამ ახლადარჩეულ საჭეთმპყრობელს გადასცემს კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიის ტომოსს და სწორედ ეს გაერთიანებული ეკლესია იქნება აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ.

მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლთან სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყებისთანავე.

კომენტარები