ძალა ერთობაშია

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია ხვალიდან უწყვეტ აქციებს იწყებს

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია ხვალიდან შეუწყვეტელ აქციებს იწყებს, ამის შესახებ ბრიფინგი დღეს გაერთიანების ერთერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გამართა. ვაშაძის თქმით, რა სახის აქციები იქნება ეს მხარდამჭერებს საღამოს შეატყობინებენ. 

"ის კრიმინალური მეთოდები და შედეგები რითიც ამ ხელისუფლებამ მართა ეს ქვეყანა დასრულდა გუშინ. ხვალ ჩვენ ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს, რომელიც იქნება მშვიდობიანი და კანონმდებლობის ფარგლებში. ხელისუფლების ყოველი მცდელობა, შეგვიზღუდოს ეს უფლებები, მიიღებს საზოგადოების მკაცრ პროტესტს." - თქვა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, გაერთიანების მოთხოვნები უცვლელია და კატეგორიულად ითხოვენ ხელისუფლებისგან მათ შესრულებას. მოთხოვნებს შორის არის ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების პროპორციული სიით ჩატარება. 

"გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც ჩვენ გვქონდა წამოყენებული და კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას ვინც ბღუჯა-ბღუჯა ყარა ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში, კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, ვინც სიკვდილამდე მიიყვან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა, კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ვითომდა პოლიციელების დასჯას , რომლებსაც გუშინ ეს სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდათ ჩაბარებული." - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ძალა ერთობაშიას აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა, მაშინ როცა მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობდა. შსს-ს მომხდარზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. 
 

კომენტარები