ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგი გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გამართა.
"ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევა ეს იქნება ჩვენის საბოლოო ავღანიზაცია ან კოლუმბიზაცია. ეს იქნება სრული კატასტროფა, ჩვენი ახალგაზრდა თაობის განადგურება და ჩვენი ერის მომავლის მოსპობა. გამოიტანეთ პარლამენტიდან ეს კანონპროექტი, შეწყვიტეთ ყოველგვარი განხილვა, არანაირ კონსულტაციებზე არავინ თქვენთან ამ კანონპროექტზე არ წამოვა, იმიტომ რომ ერი და ბერი არის გაერთიანებული მის წინააღმდეგ.
მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. არსებულ ხელისუფლებას დაკარგული აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ ერთხელ მაინც გაიმეორონ რომ ქართველ ხალხს წარმოადგენენ. ქართველი ხალხი და ე.წ ქართული ოცნება, ივანიშვილი და ეს მაფიოზური დაჯგუფება სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ, ჩვენ აღმოვჩნდით იქ სადაც ჩვენს სახელმწიფოს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება დღეს." - ამბობს ვაშაძე.
გაერთიანებული ოპოზიცია ასევე ითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ ჩანაწერზე, რომელიც ომეგა ჯგუფის საქმის გარშემო გამოქვეყნდა და დაიკითხოს ყველა მონაწილე პირი.
"ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს არის პირდაპირი გზა, რომელიც მიდის ჩვენი ერისთვის სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ. მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს იმისათვის რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ. მაფიამ დაგვაბრუნა არა 90-იანი წლების საქართველოში არამედ დაგვაბრუნა 90-იანი წლების რუსეთში, სადაც ბიზნესს უთოებით აუთოვებდნენ..
გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა ჩანაწერზე ცალკე და დაიკითხოს ყველა ფიგურანტი, ეს არის საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნა, არ ჯერა არავის ე.წ ქართული ოცნების მტკიცების, რომ თითქოსდა ეს ჩაანაწერები გაყალბებულია. თუ თქვენ ამას ამტკიცებთ პრობლემა არ არის, მოგეხმარებით და აშშ-ს ფედერალურ ბიუროში ჩავატაროთ ექსპერტიზა და 48 საათში გაჩვენებთ რომ ყველა ეს ჩანაწერი რეალური არის და საქართველოში აუპატიურებენ ბიზნესს, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყანა იმართება მაფიოზური კლანით, რომელმაც პოლიტიკური პოლიცია შემქნა იმისათვის, რომ გააყალბოს არჩევნები და გაიგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნა." - ამბობს ვაშაძე.
"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ აღნიშნული მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.
ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება.
ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ყვება, რომ მისი დაშინება ვერ შეძლეს - "მათ ვერ შეძლეს ჩემი დაშინება. რომ ის 4 მილიონი მიგვეტანა. ჩვენზე ამ ზეწოლამ ვერ მოახდინა გავლენა."