ძალა ერთობაშია

ძალა ერთობაშია ვანო მერაბიშვილის ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე, მამუკა გამყრელიძემ და ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავენ. მათი მოთხოვნა ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანა და შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარებაა.

ბრიფინგზე მამუკა გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პირად პასუხისმგებლობას გიორგი მარგველაშვილსა და თეა წულუკიანს აკისრებს.

"გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბოლო პირის სახით შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი"- ამბობს გამყრელიძე.

"ძალა ერთობაშია"-ს მოთხოვნა, მკურნალობის შემდგომ ყოფილი პრემიერის "სათანადო პირობებში" გადაყვანა და ვადამდელი პირობითი გათავისუფლების განხილვაა.

"ვანო მერაბიშვილი 6 წლის მანძილზე სასჯელს მძიმე პირობებში იხდის, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც წამების ტოლფასია"- ამბობს გამყრელიძე.

მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ისინი გეგმავენ აღნიშნული მიმართვა გადაუგზავნონ სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებს.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადება, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა. ამასთან, მათ გაასაჯაროვეს ყოფილი პრემიერის დიაგნოზი - ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი. სამსახურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს "შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს".

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით კი, მსჯავრდებულის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის ვარაუდობს, რომ ყოფილ პრემიერს "მიზანმიმართულად წამლავენ".

კომენტარები