სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ვაშაძე: ყვარლის გზა არავის შემოუთავაზებია, გარდა ამისა, გზა იქაც გადაკეტილია

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მათთვის თელავში შესასვლელად ყვარლის გზა შსს-ს არ შეუთავაზებია. გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გზა ყვარელშიც გადაკეტილია.

ის ასე საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ კოლონებისთვის მარშრუტი წინასწარ იყო დაანონსებული და ოპოზიციას თელავში შესვლა ყვარლიდან შეუძლია.

"ეს არის ტყუილი. ჯერ ერთი, არავის შემოუთავაზებია წინასწარ. მეორეც - გომბორზე რომ მივედით, იგივე გვითხრეს, რომ გურჯაანით წადითო. ჩვენი ინფორმაციით, გადაკეტილია გზა ყვარლის მხარესაც, ზუსტად იგივე იყო ყვარლის მხარესა დაგეგმილი. პატარა ბავშვები არ ვართ და ამ ზღაპრების არავის სჯერა. ჩვენ ვიყენებთ კონსტიტუციურ უფლებას - გვინდა თავისუფალი გადაადგილება ჩვენს ქვეყანაში. ამის შეზღუდვის უფლება რა აქვს არავის და ნუ მიყენებენ წესებს ის ადამიანები, რომლებიც კანონგარეშე მოქმედებენ ამ ქვეყანაში", - ამბობს ვაშაძე.

ოპოზიცია კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. გიორგი ვაშაძის თქმით, სამოქმედო გეგმა მალე გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პოლიციის რამდენიმე მანქანის გადაადგილება შეძლო და გზის ნაწილი გაათავისუფლა.

"რა უფლება აქვთ რომ შეგვიზღუდონ, ვინ არიან ესენი. პირდაპირ მოდიან პროვოკაციაზე. ჩვენც ვუპასუხებთ შესაბამისად - ამ მანქანებსაც გავწევთ. ნახეთ, რომ ნახევარზე მეტი გზა გავათავისუფლეთ, ახლა გადავჯგუფდებით და გაგაცნობთ ძალიან მალე ჩვენს სამოქმედო გეგმას", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, კოლონების მარშრუტი დაანონსებული იყო და ოპოზიციას იმ მიმართულებით წასვლა არ სურს. ამის შესახებ თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში ისაუბრა, სადაც გზა გადაკეტილია და ოპოზიცია თელავში წასვლას ცდილობს. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ იმ მიმართულებით. ყვარელის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში", - ამბობს კუპატაძე.

რაც შეეხება გურჯაანში გზის გადაკეტვას, მისივე თქმით, პოლიცია აქციის მონაწილეებს არანაირ პრობლემას არ უქმნის და მათ შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

ნიკა მელიას თქმით, მოძრაობა შეფერხებული როგორც გომბორის უღელტეხილზე, ასევე გურჯაანში, შესაბამისად, ენმ-ს აქციის მონაწილეები თელავში შესვლას ვერ ახერხებენ.

კომენტარები